среда, 6 августа 2014 г.

მედუზას უჯრედები კიბოს დიაგნოსტირებისათვის

მედუზას უჯრედები კიბოს დიაგნოსტირებისათვის

მეცნიერთა თქმით, მედუზას ფლუერესცენტულ უჯრედებს შეუძლია კიბოს უჯრედების
ადრეული გამოვლენა სხეულში ღრმად მდებარეობის შემთხვევაშიც კი.

ეს მეთოდი იყენებს მწვანე ფლუორესცენტულ პროტეინს (GFP), რომელიც განაპირობებს მედუზას ნათებას სიბნელეში.

იორკშირელმა მეცნიერებმა იორკის უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ცენტრიდან დაადგინეს, რომ სპეციალური კამერის დახმარებით შესაძლებელია ამ პროტეინებით კიბოს უჯრედების აღმოჩენა.

კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ნორმან მეიტლანდი (Norman Maitland) აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი რადიკალურად შეცვლის კიბოს დიაგნოსტირების პროცესს.

მისივე თქმით, ამჟამად სხეულის სიღრმეში კიბოს უჯრედების ადრეული აღმოჩენა ძალზედ რთულია, ხოლო ადრეული დიაგნოსტირება კრიტიკული მნიშვნელობისაა ნებისმიერი ფორმის კიბოს წარმატებული მკურნალობისათვის. 

მკვლევართა მიერ შემუშავდა მეთოდი, რომელიც მოიცავს მედუზას ლუმინესცენტური უჯრედებიდან პროტეინის გამოყოფასა და ადამიანის კიბოს უჯრედებში მის მოხვედრას. ქსოვილის განათების შემთხვევაში, სპეციალური კამერა ავლენს ამ პროტეინების ნათებას და ამით ხდება სიმსივნის ადგილის დადგენა.

ეს პროცესი ეყრდნობა ამერიკელი ქიმიკოსის დოქტორ როჯერ ციენის (Roger Y Tsien) 
აღმოჩენას. მეცნიერს 2008 წლის ნობელის პრემია მედუზიდან ფლუორესცენტული უჯრედებისა და GFP-ის იზოლაციის გამო მიენიჭა. 

იორკშირელი მეცნიერები იყენებდნენ აღნიშნული პროტეინის შემცველ ვირუსებს, რომელიც სახლდებოდა სხეულში გაფანტულ კიბოს უჯრედების გუნდებზე, რომელთა აღმოჩენა მცირე ზომების გამო შეუძლებელია სკანირების ჩვეულებრივი ტექნიკით.

ვირუსის ზრდასთან ერთად იზრდება ფლუორესცენტული პროტეინების რაოდენობაც. სპეციალურად შემუშავებული კამერით ხდება პროტეინის ნათების შემჩნევა.

პროფესორ მეიტლანდის თქმით, აღნიშნული მეთოდის ფართოდ დანერგვის ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს მხოლოდ ამ პროცესისთვის საჭირო სპეციალიზებული კამერის ხელმისაწვდომობა. ამჟამად მხოლოდ აშშ-ის ერთი კომპანია ახდენს ასეთი კამერების წარმოებას, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 500 000£.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий